სტატისტიკა

 მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. მათი 80 პროცენტი კი განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში ცხოვრობს. სწორედ მათი მოსახლეობის ხარჯზე იზრდება გამუდმებით მწეველთა რიცხვი, რომელმაც, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წლამდე შეიძლება 1,6 მილიარდსაც მიაღწიოს.
    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება (1 კაცი ყოველ 8 წამში). ეს კიდევ არაფერი; თუ არაფერი შეიცვალა, 20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა და უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად.


     ცივილიზებულ ქვეყნებში მწეველთა რაოდენობაც და ერთ სულ მოსახლეზე სიგარეტის მოხმარებაც უფრო და უფრო მცირდება. ამ ტენდენციას თამბაქოსთან აქტიურ ბრძოლას უკავშირებენ. ასეთი ბრძოლა ჩვენთანაც დაიწყო – აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დაწესდა ჯარიმები, ლაპარაკობენ თამბაქოს მწარმოებელთათვის გადასახადების მომატებაზე, რაც სიგარეტის ფასის ზრდას გამოიწვევს… ამ მეთოდმა სხვა ქვეყნებში გაამართლა: მხოლოდ სიგარეტის გაძვირებამ ნიუ იორკში მწეველთა რიცხვი ერთი წლის განმავლობაში ასი ათასით შეამცირა. თანაც სიძვირე თურმე პირველ რიგში დამწყებ მწეველებს აფრთხობს.